ბაზრის შეფასების კვლევა

ბევრი საერთაშორისო კომპანიის კვლევითი სტანდარტი მოიცავს ბაზრის შეფასების კვლევებს. ეს მასშტაბური, კომპლექსური კვლევითი მიდგომაა, რომელიც მოიცავს ძირითად სამომხმარებლო პარამეტრებს, ბრენდის რეიტინგებს, ბაზრის მოცულობებს, რეკლამის ზემოქმედების ხარისხს მომხმარებელზე და სხვა სამარკეტინგო ატრიბუტებს.

ბაზრის შეფასების კვლევა (ეს შეიძლება იყოს გამოყენებისა და დამოკიდებულების კვლევა - Usage&Attitude, სეგმენტაცია, ან რომელიმე სხვა ტიპის კვლევა - დამოკიდებულია კომპანიის კვლევით სტანდარტზე). ჩვეულებრივ წლის განმავლობაში ერთხელ კეთდება და გრძელდება .. ზონდირების კვლევების (Tracking Study) ტალღებით.

ამ მიდგომის ლოგიკა მარტივია - გარდა რომელიმე ცალკეულ სამარკეტინგო ღირებულებაზე ორიენტებული კვლევითი სამუშაოებისა (მაგ. სარეკლამო კონცეფციის ან სარეკლამო მასალის ტესტირება), მსხვილი კომპანიები თავს უყრიან სტრატეგიულ თემებს ბაზრის შეფასების კვლევაში. ასეთ კვლევებზე დაყრდნობით იგეგმება კომპანიის სამარკეტინგო სტრატეგია და კონკრეტული სამარკეტინგო ქმედებები. ბაზრის შეფასების კვლევაში გაზომილი ცვლადები (მაგ. ბრენდის ცნობადობა, მოხმარება, გაყიდვების მოცულობა, მომხმარებლის დამოკიდებულება ბრენდისადმი, სამომხმარებლო ლოიალობა, მომხმარებლის სოციალურ-დემოგრაფიული და ფსიქოგრაფიული მახასიათებლები) დროთა განმავლობაში ცვლილებას განიცდის. ამ ცვლილების მიზეზი შეიძლება იყოს თვითონ კომპანიის, ან კონკურენტი კომპანიის მიერ განხორციელებული ნებისმიერი სამარკეტინგო ქმედება, მათ შორის რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, გაყიდვების ორგანიზება და სხვა.