• 2017-11-27

ქართველების 35%-ს დასასვენებლად წასვლა საფრანგეთში სურს,
თუმცა მათგან, ვინც ამ მიზნით საზღვარგარეთ მიდის,
უმრავლესობა (34%) დასვენებას თურქეთში ახერხებს.

რეგიონსა და რუსეთში განხორციელებული კვლევის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნებია მოსახლეობისთვის სასურველი დასასვენებლად და/ან ტურისტული მიზნებით მოსანახულებლად. თითოეულ ქვეყანაში კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1200-მა რესპონდენტმა.

როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანელების უმრავლესობა - 23%, დასასვენებლად ან ტურისტული მიზნით თურქეთს ესტუმრებოდა, 20% კი არაბულ-ისლამურ ქვეყნებს.

სომხების ყველაზე დიდი ნაწილი საფრანგეთში (25%) და რუსეთში (20%) დაისვენებდა/იმოგზაურებდა. რუსების უმეტესობა კი საფრანგეთს (22%) და გერმანიას (19%) ასახელებს, როგორც დასვენების გასატარებლად და სამოგზაუროდ ყველაზე სასურველ ქვეყნებს.

გამოკითხული ქვეყნებიდან, ყველაზე მეტად სომხებს სურთ საქართველოში დასვენება ან ტურისტად ჩამოსვლა (8%).

ქართველების ყველაზე დიდი ნაწილი (35%) ამბობს, რომ დასვენების დღეების გასატარებლად და სამოგზაუროდ საფრანგეთში წავიდოდა, 20% გერმანიაში, 17% კი - სხვა ევროპულ ქვეყნებში.

„აიფიემ კვლევები“ დაინტერესდა, იმ საკითხითაც, თუ რომელ საზღვარგარეთის ქვეყნებში  ისვენებენ ქართველები. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2000-მა რესპონდენტმა. მათ დაასახელეს ის ქვეყნები, სადაც წელს ზაფხულის პერიოდი გაატარეს.

როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 8,6%-მა ზაფხულის არდადეგების/შვებულების ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა, ხოლო რესპონდენტთა 91,4% ქვეყნიდან არ გასულა.

საინტერესო აღმოჩნდა კვლევის შედეგების განხილვა იმ მონაცემებთან მიმართებაში, თუ სად სურთ ქართველებს დასასვენებლად/სამოგზაუროდ წასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებისთვის დასასვენებლად ყველაზე სასურველი ქვეყანა საფრანგეთია, რეალურად, იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც რესპონდენტები ესტუმრნენ, თურქეთი ლიდერობს. ამ ქვეყანაში, რესპონდენტების 34%-მა გაატარა ზაფხულის პერიოდი, მაშინ, როდესაც საფრანგეთში ქართველების მხოლოდ 4% ისვენებდა. 

როგორც ჩანს, ქართველებისთვის მეტად ხელმისაწვდომია გერმანიაში დასვენება და მოგზაურობა. ვიზიტის სიხშირის მიხედვით ეს ქვეყანა მეორე ადგილას აღმოჩნდა (14%), ისევე, როგორც დასასვენებლად სასურველი ქვეყნების დასახელების დროს.

რიგით მესამე ქვეყანა, რომელსაც ქართველების დიდი ნაწილი ესტუმრა, ასევე, ევროპული ქვეყანაა. იტალიაში ქართველების 12% მოგზაურობდა ზაფხულის განმავლობაში.