• 2017-11-24

რეგიონთან და რუსეთთან შედარებით, ქართველები ყველაზე მეტად
 დაინტერესებული ხალხია სხვა ქვეყნების ისტორიით, კულტურითა და ბუნებით.

რეგიონსა და რუსეთში განხორციელებული კვლევის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნების ისტორიით, კულტურითა და ბუნებით არიან დაინტერესებულები რესპონდენტები. თითოეულ ქვეყანაში გამოიკითხა 1200 რესპონდენტი.

აღმოჩნდა, რომ ქართველი მოსახლეობა ბევრი ქვეყნის ისტორიით, კულტურითა და ბუნებით არის დაინტერესებული, სხვა გამოკითხული ქვეყნებისგან განსხვავებით. აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში, მოსახლეობის უმეტესობა აცხადებს, რომ ამგვარი ინტერესი არცერთი ქვეყნის მიმართ არ აქვთ. მსგავს პასუხს ქართველების მხოლოდ 8% აფიქსირებს. ქართველების უმეტესობა საფრანგეთის (30%) ისტორიით, კულტურითა და ბუნებით არის დაინტერესებული, 19%-ს ამ კუთხით გერმანია აინტერესებს, 16%-ს დიდი ბრიტანეთი და 15%-ს ამერიკა.

აზერბაიჯანელების იმ ნაწილიდან, რომელსაც რომელიმე ქვეყანა აინტერესებს ისტორიული, კულტურული და გეოგრაფიული თვალსაზრისით, უმეტესობა ასეთ ქვეყნად თურქეთს (18%) ასახელებს. სომხებისთვის ამ თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო ქვეყანა რუსეთია (23%), ხოლო რუსეთისთვის -  საფრანგეთი (14%).

საერთო ჯამში, ოთხივე ქვეყნის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საფრანგეთს ყველაზე მეტი რესპონდენტი ასახელებს, როგორც ისტორიული, კულტურული და გეოგრაფიული კუთხით საინტერესო ქვეყანას.