• 2017-10-31

ქართველების უმეტესობას განათლების მისაღებად წასვლა
ან შვილის სასწავლებლად გაშვება გერმანიასა და აშშ-ში სურს.

გამოკითხული ქვეყნების უმეტესობას არც ერთ საზღვარგარეთის ქვეყანაში
 არ სურს სწავლის გაგრძელება.

გამოკითხვაში, რომელშიც ექვსმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა (საქართველო აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი და მოლდოვა), შესწავლილ იქნა რესპონდენტთა აზრი იმისათან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყანაში ისურვებდნენ სასწავლებლად წასვლას ან ამავე მიზნით შვილის გაგზავნას. თითოეულ ქვეყანაში გამოიკითხა 1200 რესპონდენტი.

როგორც აღმოჩნდა, ქართველები სწავლის ან სხვა საგანმანათლებლო მიზნით წასვლას არაერთ ქვეყანაში ისურვებდნენ. ასეთ ქვეყნებად, უმეტესად, გერმანია და აშშ სახელდება. მათ ქართველი რესპონდენტების თანაბარი რაოდენობა (30-30%) ანიჭებს უპირატესობას (იხილეთ ცხრილი #1).

აზერბაიჯანელების უმეტესობას (28%) თურქეთში სურს სასწავლებლად წასვლა/ამავე მიზნით შვილის გაშვება. 15%-ისთვის განათლების მისაღებად სასურველი ქვეყანა რუსეთია, იგივე რაოდენობის აზრით (15%), არ არსებობს ისეთი საზღვარგარეთის ქვეყანა, სადაც სწავლის გაგრძელებას ისურვებდა.

მიუხედავად დაბალი პროცენტული მაჩვენებლისა (4%), აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ ქვეყნებს შორის, საქართველოში განათლების მიღების ყველაზე მეტი მსურველი აზერბაიჯანშია (იხილეთ ცხრილი #2).

საქართველოსა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, დანარჩენი გამოკითხული ქვეყნებიდან, რესპონდენტების უმეტესობა საგანმანათლებლო მიზნით არც ერთ ქვეყანაში არ წავიდოდა. უფრო ზუსტად კი, ამგვარად ფიქრობს ბელარუსი რესპონდენტების 41%, მოლდოველების 34%, რუსების 29% და სომხების 24%.

საბოლოო ჯამში, კვლევის მონაწილე ქვეყნების შედეგების მიხედვით, საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტისთვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციებზე აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთია.