• 2017-06-19
შემოსავლების ნახევარზე მეტი არსებობაში იხარჯება
 
გამოკითხული ოჯახები ყველაზე მეტს საკვებში ხარჯავენ, საერთო
შემოსავლის მესამედზე მეტს. საზოგადოდ, ბინის, კომუნალური
გადასახედებისა და საკვების ხვედრითი წილი საერთო შემოსავლებში
55%-ია. სხვა სიტყვებით, ქვეყანაში ოჯახები ფიზიკურ არსებობაში
ხარჯავენ საერთო საოჯახო შემოსავლის ნახევარზე მეტს!
 
"IPM კვლევები" შეეცადა გაერკვია, რაში ხარჯავს ქართველი მოსახლეობა თვიურ შემოსავალს და როგორ არის განაწილებული ეს დანახარჯები ოჯახის საერთო შემოსავალთან მიმართებაში. კვლევა განხორციელდა საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო 1959-მა რესპონდენტმა.
 
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა ოჯახების საერთო თვიური შემოსავლის მესამედზე მეტი (35,8%) საკვების და სასმელის შეძენაზე იხარჯება. შემოსავლის 11,4% მათ საცხოვრებელი ბინის/სახლის გადასახადისთვის, 10,9% კი - კომუნალური გადასახადების დასაფარად ესაჭიროებათ.
 
გამოკითხული რესპონდენტების ოჯახები ყოველთვიური შემოსავლის 8,7%-ს ტრანსპორტირებისთვის მოიხმარენ. მნიშვნელოვანი დანახარჯია ალკოჰოლი და თამბაქო (7,5%), ასევე კომუნიკაციებისა (6,8%) და განათლებისთვის გაღებული ხარჯებიც (6,8%).
 
აღსანიშნავია, რომ გართობა/დასვენებისთვის რესპონდენტების ოჯახები თვიური შემოსავლის მხოლოდ 2,4%-ს ხარჯავენ (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ცხრილი #1).
 
ცხრილი #1
 
E1 geo
 
____________________________
1საცხოვრებელი ბინის/სახლის გადასახადის და განათლების ხარჯებისთვის განკუთვნილი საშუალო პროცენტი გამოთვლილია მხოლოდ იმ რესპონდენტების საერთო რაოდენობიდან, რომელთა ოჯახებისთვისაც ამგვარი ხარჯის გაღების საჭიროება დგას (გამოკითხულთა რაოდენობა: საცხოვრებელი ბინის/სახლის გადასახადი - 306; განათლება - 706)
 
ბოლო პერიოდში გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალი გახდა ოჯახში მთავარი ფინანსური საყრდენი, არ არის კორექტული. ოჯახების თითქმის ორ მესამედში კაცი რჩება ოჯახში მთავარ შემომტანად (იხილეთ ცხრილი #2), თუმცა ქალაქისა და სოფლის სურათის შედარება მაინც გვაძლევს ზოგადად, საოჯახო შემოსავლების სფეროში, კაცისა და ქალის როლების ცვლილების დინამიკის შესახებ წარმოდგენას.
 
ცხრილი #2
 
E2 geo
 
კაცი ოჯახის მთავარი შემომტანი უფრო ხშირად სოფელში მცხოვრებ ოჯახებშია. საპირისპირო ვითარებაა ქალებთან მიმართებაში. ქალები, ოჯახში მთავარი შემომტანები ორჯერ უფრო ხშირად არიან ქალაქში მცხოვრებ ოჯახებში, ვიდრე სოფელში. მაშინ, როცა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსხვავება არ არის შესამჩნევი იმ ოჯახების შემთხვევაში, რომელთა ბიუჯეტზეც ქალისა და კაცის შემოსავალი თანაბრად ნაწილდება. ასეთი ოჯახები ორივე ტიპის დასახლებაში თითქმის ერთნაირად გვხვდება (იხილეთ ცხრილი #3).
 
ცხრილი #3

E3 geo