• 2019-10-29

სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდია. მეტიც, სკოლის შემდგომ, ფორმალური განათლების ამგვარი გაგრძელება ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ტიპურია.
ამ სტატიაში შევეხებით სტუდენტების შეფასებას უსდ-ში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილებაზე. საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტი VI“-ს ფარგლებში შეგროვებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართველი სტუდენტების შეფასებები შევადაროთ სხვა ევროპელი სტუდენტების შეფასებებს. 1 სტუდენტებმა შეაფასეს დებულებები, რომლებიც ეხებოდა უმაღლეს განათლებაში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილებას. მათ შორის, სტუდენტებმა შეაფასეს შემდეგი დებულება: „ყოველთვის ნათელი იყო, რომ როდესმე მაინც ვისწავლიდი“. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხულთაგან თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სტუდენტთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ უსდ-ში სწავლას დაიწყებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ქართველი სტუდენტები თავდაჯერებულობით ლიდერობენ (86,5%) ალბანეთის შემდეგ (91,9%), ჩეხ სტუდენტებს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ (34,2%).

სტუდენტების მიერ შეფასებულ დებულებებს შორისაა შემდეგიც: „ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ უმაღლეს განათლებაში ჩემი ადგილი არ არის.“ ქართველი სტუდენტების 13.8% (სრულიად) ეთანხმება ამ დებულებას. უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად რუმინელი (27%) და უნგრელი (21.4%) სტუდენტები აყენებენ ეჭვქვეშ. დებულება - „ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები, სწავლა სწორი გადაწყვეტლება იყო თუ არა“ - კვლევის მონაწილეებმა შემდეგნაირად შეაფასეს: ხორვატი სტუდენტები ამ კითხვას თავს ყველაზე იშვიათად უსვამენ (10.4%), პოლონელები კი - ყველაზე ხშირად (28.4%), ხოლო გამოკითხული ქართველი სტუდენტებიდან ყოველ მეხუთეს აწუხებს ეს კითხვა (21%).