• 2019-08-01

რადიოს ყველაზე ნაკლებად ასაკოვანი, 55-65 წლის ადამიანები უსმენენ,
ყველაზე მეტად კი 25-დან 44 წლამდე ადამიანები.

მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებების მრავალფეროვნების და მისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ერთი შეხედვით, რადიო აქტუალურობას კარგავს, თუმცა ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელოვანი რაოდენობის ერთგულ მსმენელს.
„აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ რადიო აუდიტორიის გაზომვის უწყვეტი პროექტის მორიგი ტალღა განახორციელა, საქართველოს 7 დიდ ქალაქში რადიოს 1300 მსმენელი გამოიკითხა. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის მაცხოვრებლებმა. როგორც აღმოჩნდა, ამ 7 დიდი ქალაქის მაცხოვრებელთა 44% უსმენს რადიოს. მიუხედავად იმისა, რომ რადიოს მსმენელებს შორის ყველა ასაკობრივი კატეგორიის მსმენელს შეხვდებით, აღსანიშნავია, რომ მათ ნახევარს 25-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანები შეადგენენ.

მათი 58%, ვინც რადიოს უსმენს, ყოველდღიურად ახორციელებს ამ აქტივობას და ერთ- ერთ რადიო არხს მაინც უსმენს დღეში. დღის განმავლობაში, ყველაზე აქტიური დრო რადიოს მოსასმენად, დილის 9-დან 10 საათამდე პერიოდი აღმოჩნდა. ამ დროის შედეგ რადიოს მოსმენის ინტენსივობა იკლებს და მოგვიანებით, საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე შუალედში შედარებით იმატებს. რეგიონსა და თბილისში მყოფ რადიო მსმენელთა შორის, რადიოს მოსმენის საათებში მკვეთრი განსხვავება არ არის, თუმცა, მათთვის ამ აქტივობის ინტენსივობა დღის პირველ ნახევარში უფრო მსგავსია, ვიდრე მეორე ნახევარში. შუადღის 3-4 საათი ის დროითი შუალედია, როცა რეგიონში მცხოვრები ადამიანები თბილისში მცხოვრებ რესპონდენტებთან შედარებით, მეტად უსმენენ რადიოს. ამ დროის შემდეგ კი, რეგიონში მცხოვრები მსმენელების აქტიურობა, თბილის მცხოვრებებთან შედარებით, დაბალია.