• 2019-05-15

ჩაი ისევ პოპულარული სასმელია ქართველებისთვის, თუმცა
ბოლო 13 წლის მანძილზე, ის 45 წლამდე მოსახლებაში პოპულარობას კარგავს

ქართველებისთვის ჩაი ერთ-ერთი საყვარელი ცხელი სასმელია და ჩვენს ქვეყანაში მისი პოპულარობა ყავისას ნამდვილად არ ჩამოუვარდება. „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ ქვეყნის მასშტაბით 1200 რესპონდენტის გამოკითხვით დაადგინა, რომ ადამიანების 82% კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევს ჩაის. მაშინ, როცა ყავას იგივე ინტენსივობით, გამოკითხულთა 81% სვამს. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხული ქალებიდან უფრო მეტი სვამს ჩაის, ვიდრე კაცი რესპონდენტებიდან. კერძოდ, ჩაის ყოველდღიურად სვამს ქალების 55% და კაცების 49%. ჩაის სმაში კაცები ყველაზე დიდ დროს 55-64 წლის ასაკში ატარებენ, ქალები კი იგივე აქტივობაში ყველაზე დიდ დროს 45-54 წლის ასაკში ხარჯავენ.

კვლევამ გამოავლინა, რომ ერთ ჯერზე ადამიანი, საშუალოდ, 12 წუთს ანდომებს ჩაის დალევას. ყავის დალევის ხანგრძლივობას თუ შევადარებთ, ჩაის სმის რიტუალი მასზე, საშუალოდ, 1 წუთით მეტ ხანს გრძელდება. საბოლოო ჯამში კი, 65 წლის ადამიანს, დაახლოებით, 180 დღე აქვს გატარებული ჩაის სმაში. უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წელს შეგროვებულ მონაცემებთან ამ შედეგების შედარებით აღმოჩნდა, რომ ჩაის სმაში გატარებული დრო 45-დან 64 წლამდე ასაკის  რესპონდენტებში გაზრდილია. 18-დან 44 წლამდე ასაკის რესპონდენტებში კი იგივე აქტივობაზე დახარჯული დრო შემცირებულია. საინტერესოა, რომ ყავის სმაზე დახარჯული დრო ამ ასაკობრივ კატეგორიაში პირიქით - გაზრდილია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაი პოპულარობას ინარჩუნებს 45 და უფრო ასაკოვანი ადამიანების ხარჯზე, უფრო დაბალ ასაკში კი პოზიციებს ყავის სასარგებლოდ თმობს.