• 2018-10-09

კვლევითი კომპანია „აიფიემ კვლევებსა“ და ონლაინჟურნალ „ბიზნესპოსტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ინფორმაციის გაცვლასა და  ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. „ბიზნესპოსტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიკა ხალიანის თქმით, თანამშრომლობის შედეგად ჟურნალის მკითხველები უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შედგა. „აიფიემ კვლევები“ ერთ-ერთი მსხვილი კვლევითი და სამარკეტინგო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე მრავალი წლის განმავლობაში ოპერირებს. ეს საშუალებას მისცემს „ბიზნესპოსტის“ მკითხველს, მიიღოს მისთვის ძალიან საჭირო ინფორმაცია.

მოგეხსენებათ, ბიზნესმა კარგად იცის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კვლევებს ბიზნესის განვითარებისთვის. ეს მემორანდუმი კი საშუალებას გვაძლევს, გავხადოთ კვლევები ნებისმიერი კატეგორიის ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი. თუ მსხვილ ორგანიზაციებს ამის პრობლემა არ აქვთ, რადგან მარტივად შეუძლიათ დაუკვეთონ შესასრულებელი სამუშაოები შესაბამის ორგანიზაციებს, ამას ვერ ვიტყვით საშუალო და მცირე მეწარმეებზე. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი მკითხველის უზრუნველყოფას ასეთი ტიპის ინფორმაციით.“ - განაცხადა მარიკა ხალიანმასაკითხის კომენტირებისას.

თანამშრომლობის მიზნობრიობასა და ეფექტურობაზე ისაუბრა „აიფიემ კვლევების“ მედია/რეკლამის მონიტორინგისა და ანალიტიკის ხელმძღვანელმა, ხათუნა ბაქრაძემაც.

 „ჩვენი გუნდი მოხარულია ამ ორ კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმით და დარწმუნებულები ვართ, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერ და პროდუქტიულ შედეგს გამოიღებს. ჩვენ შევძლებთ ერთად შევთავაზოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ფართო აუდიტორიისთვის საინტერესო კვლევები და ინფორმაციები“ - აღნიშნა ხათუნა ბაქრაძემ.