• 2018-06-25

ქართველი სტუდენტების ყველაზე მეტი ნაწილი სოციალური მეცნიერებებისა
 და ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობს (36,8%),
 ყველაზე ნაკლები (1,9%) - განათლების მიმართულებით.

ჩვენს ქვეყანაში, ყოველწლიურად, დაახლოებით 40 000 აბიტურიენტი აკეთებს არჩევანს, თუ რომელ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. საქართველოში სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტში ჩაბარება საშუალო განათლების შემდგომ სწავლის გაგრძელების ყველაზე მიღებული ფორმაა. შესაბამისად, როგორც აღმოჩნდა, ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტი VI-ის მიხედვით, ქართველი სტუდენტები ევროპელ სტუდენტებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდები არიან.  კერძოდ, კვლევის მონაწილე თითქმის ყველა ქვეყანაში, სტუდენტების თითქმის ნახევარი 25 წლის ან უფრო ახალგაზრდაა. ქართველი სტუდენტებისთვის კი, საშუალო ასაკი 22 წელია. ქალი სტუდენტები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სტუდენტთა უმრავლესობას შეადგენენ. გამონაკლისი მხოლოდ თურქეთი და გერმანიაა.

მიუხედავად უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ქალი სტუდენტების ზოგადი სიმრავლისა, განსაკუთრებით საგრძნობია გენდერული დისბალანსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში. ამ სფეროში ქალი სტუდენტების ყველაზე მცირე ნაწილი იღებს განათლებას. ეს პრობლემა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, მწვავედ ეხება საქართველოს იგივე მიმართულების საუნივერსიტეტო პროგრამებს.

ქართველი სტუდენტების ყველაზე მეტი ნაწილი სოციალური მეცნიერებებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობს (36,8%), პოპულარულია ბიზნეს-ადმინისტრირებისა და სამართლის (13,8%), ასევე, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელებაც (13,5%).

ქართველი სტუდენტებისთვის ყველაზე არაპოპულარული სფერო განათლებაა (1,9%). ამ სფეროში გენდერული ბალანსი ყველაზე დარღვეულია - განათლების მიმართულებით მამრობითი სქესის სტუდენტების უკიდურესად მცირე რაოდენობა სწავლობს (სტუდენტთა საერთო რაოდენობის 0,1%).