• 2018-02-19

საქართველოში სპორტით/ვარჯიშით ორჯერ მეტი კაცია
დაკავებული (26,8%), ვიდრე ქალი (13,5%)

ფიზიკური ვარჯიში და სპორტი ამ სტატიის მთავარი თემაა. ჩვენ 500 ადამიანი გამოვკითხეთ და გავარკვიეთ, რამდენად ინტენსიურად არიან ისინი დაკავებულები სპორტით.

აღმოჩნდა, რომ ქართველები სპორტს აქტიურად არ მისდევენ - გამოკითხულთა მხოლოდ 5,2% ვარჯიშობს სისტემატიურად, 80,6% კი საერთოდ არ არის დაკავებული სპორტით. 

ეს მონაცემები უკიდურესად განსხვავდება სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი მონაცემებისგან. ევროსტატის მიხედვით (http://ec.europa.eu/eurostat), ევროკავშირში შემავალი ქვეყნების 18 წლის და ზემოთ ასაკის მოსახლეობის მესამედი (29.9%) აქტიურად ვარჯიშობს/მისდევს სპორტს (ყოველკვირეულად ხარჯავს მინიმუმ ორსაათნახევარს საშუალო დატვირთვის ფიზიკურ აქტივობაში). პოპულაციის დაახლოებით ნახევარს (49.8%) შეადგენენ ადამიანები, რომლებიც არანაირ სპორტს არ მისდევენ.

საქართველოში სპორტის/ვარჯიშის პოპულარულობა სქესის მიხედვით განსხვავებულია - კაცები უფრო მეტად მისდევენ სპორტს, ვიდრე ქალები. კერძოდ, ორჯერ მეტი კაცი არის დაკავებული სპორტით, ქალებთან შედარებით. იგივე პროპორციაა აქტიური სპორტით დაკავებულთა შორისაც - ორჯერ მეტი კაცი ვარჯიშობს სისტემატიურად (7,7%), ვიდრე ქალი (3,3%).

კაცებში ერთ ჯერზე ვარჯიშის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 43 წუთს, ქალები კი საშუალოდ 10 წუთით ნაკლებს ვარჯიშობენ - 33 წუთს.

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, უფრო მეტი კაცი ვარჯიშობს, ვიდრე ქალი. ასევე, აღმოჩნდა, რომ ორივე სქესისთვის, ვარჯიში/სპორტი ყველაზე პოპულარული 18-დან 24 წლამდე ასაკშია.