• 2019-04-08

გართულებული საგზაო მოძრაობის გამო, კვირის განმავლობაში
საგზაო ტრანსპორტით მგზავრობისას თბილისელები,
დაახლოებით, ორსაათნახევარს ხარჯავენ.

თბილისის მაცხოვრებლებისგან ხშირად მოისმენთ წუწუნს გადატვირთული საგზაო მოძრაობის შესახებ და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. საცობები გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ქალაქისთვის ჩვეული ყოველდღიურობაა. შსს-ს მონაცემებით, ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად მზარდია, რაც პრობლემას უფრო და უფრო რთულად სამართავს ხდის.
ამ საკითხთან დაკავშირებით „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ თბილისის მოსახლეობასთან გამოკითხვა ჩაატარა. ამ კვლევაში მონაწილეობა 600-მა თბილისის მაცხოვრებელმა მიიღო.
კვლევამ გამოავლინა, რომ გართულებული საგზაო მოძრაობის გამო, საგზაო ტრანსპორტით მგზავრობის დროს, კვირის განმავლობაში თბილისის მაცხოვრებელი საკმაოდ მნიშვნელოვან დროს - საშუალოდ, 147 წთ-ს ხარჯავს, ანუ დაახლოებით, ორსაათნახევარს. ამ მიზეზით, 35 და უფრო მაღალი ასაკის რესპონდენტები, დაახლოებით, 2-ჯერ უფრო მეტ დროს კარგავენ (3 სთ და 39 წთ), ვიდრე 18-34 წლის რესპონდენტები (1 სთ და 40 წთ).

ასევე, ქალები უფრო დიდ დროს ხარჯავენ მგზავრობაში გართულებული საგზაო მოძრაობის გამო (3 სთ.), ვიდრე კაცები (2 სთ.). რესპონდენტებმა უპასუხეს კითხვას, რაში დახარჯავდნენ ამ დროს, საგზაო მოძრაობის გამო რომ არ კარგავდნენ. როგორც აღმოჩნდა, თბილისელებისთვის ყველაზე პოპულარული ალტერნატიული აქტივობები დასვენება/გართობა (65,2%) და ნაცნობებთან/მეგობრებთან ურთიერთობაა (45,8%).