• 2018-07-13

55-64 წლის ასაკში ადამიანები უფრო დიდ დროს უთმობენ
ბეჭდური მედიის კითხვას, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკში.

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია ბეჭდური მედიის კითხვადობის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით „აიფიემ კვლევებმა“ ქვეყანაში 1000 რესპონდენტი გამოკითხა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე რესპონდენტი კვირაში ერთხელ მაინც ეცნობა ბეჭდურ მედიას. თითო ჯერზე ჟურნალ-გაზეთების კითხვის დრო არც ისე მცირეა - ამისთვის რესპონდენტები საშუალოდ, 32,7 წუთს ხარჯავენ.

საინტერესოა, რომ ბეჭდურ გაზეთებსა და ჟურნალებს უფრო მეტად, კაცები ეცნობიან. ხოლო ქალებიც და კაცებიც, 55-64 წლის ასაკში უფრო დიდ დროს ხარჯავენ ამ აქტივობაზე, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკში.

შედარებით მაღალი კითხვადობა შესამჩნევია 25-34 წლის ასაკის კაცებშიც, რასაც სავარაუდოდ, სპორტულ თემატიკასთან დაკავშირებული ბეჭდური მედიის გაცნობა განაპირობებს. 

ერთი წლის განმავლობაში, ადამიანს ჟურნალ-გაზეთების კითხვაში დახარჯული აქვს საშუალოდ, 0,6 დღე. ხოლო თუ მთელი ცხოვრების მანძილზე დახარჯულ დროს გამოვთვლით, აღმოჩნდება, რომ 65 წლის ადამიანს, საშუალოდ, 1 თვე აქვს გატარებული გაზეთების/ჟურნალების კითხვაში.

2006 წელს განხორციელებულ, მსგავსი კვლევის შედეგებთან ამ მონაცემის შედარებამ აჩვენა, რომ ჟურნალ-გაზეთების კითხვაზე დახარჯული დრო მკვეთრად არის შემცირებული. 2006 წელს ცხოვრების განმავლობაში ამ აქტივობაზე დახარჯული დრო 180 დღე იყო. ეს ცვლილება გასაკვირი არ არის საინფორმაციო ვებ-გვერდებისა და ბეჭდური გამომცემლობის ინტერნეტ-გამოცემებით ჩანაცვლების ტენდენციის გამო.